Monday 7 January 2013

ფარაზი


სოფელი ფარაზი მდებარეობს შიდა ქართლში, ცხინვალის რაიონში, მთა ჩაფარუხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე.

კოშკი მდებარეობს სოფლის მიდამოებში, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით; შემორჩენილია დაახლოებით ცხრა მეტრის სიმაღლეზე. დასავლეთ კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. დაზიანებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებიც. კოშკის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი, რომლის თავზე დატანებულია სათოფური. კოშკი მეორე სართულის დონემდე ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვებით.


სოფლიდან დასავლეთით ნახევარი კილომეტრის მოშორებით, ფერდობზე შემორჩენილია კოშკის დასავლეთ კედლის ნაწილი, რომლის სიმაღლე ოთხ მეტრს აღწევს და რომელიც თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვის მშრალი წყობით. დასავლეთ კედელი მომრგვალებულია, დანარჩენი კედლები მთლიანად განადგურებულია.


სოფლის მიდამოებში ფერდობზე შემორჩენილი კოშკი თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით, რომელიც ნაგებია ფლეთილი ქვით. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული შესასვლელი. მეორე სართულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმლებია მოთავსებული. დასავლეთ კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. კოშკი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

No comments: