Saturday 5 January 2013

ჰერეთში დარჩენილია ასეთი ლეგენდა

<უკან დაბრუნება...


თურმე ერთ მშვენიერ მაჰმადიან ვაჟს მოსწონებია ქურმუხის ეკლესიის, მღვდლის ხუციშვილის ქალიშვილი. მისულა მღვდელთან ვაჟი და ქალი უთხოვია. მღვდელს არ სდომებია მაჰმადიანისთვის ქალის მიცემა, მაგრამ შიშით უარიც ვერ გაუბედავს. ამიტომ ასეთი პირობა დაუდვია ვაჟისთვის: თუ მდინარე ქურმუხიდან წმინდა გიორგის ეკლესიამდე არხით რუს გაიყვან ქალს მოგათხოვებ, თუ არა და არაო. მღვდელს ჰგონებია, ვაჟი წყალს ვერ გაიყვანს და ქალი გადარჩება მაჰმადიანის ცოლობასო, მაგრამ ჰერელ ქალზე შეყვარებულ ვაჟს თავი გადაუდვია და დღე და ღამე გაუსწორებია და პირობა შუსრულებია. როცა მღვდელს უნახავს, ცოტაღა აკლია არხის დამთავრებასო, დანაღვლიანებულა -ქრისტიანი ასული მაჰმადიანს როგორ მივათხოვოო. ამ დროს მღვდელთან ვიღაც ბებერი დედაკაცი მისულა და უთქვამს: მე გამოგიყვან განსაცდელიდან, ვიხსნი შენს ქალს მაჰმადიანის ცოლობისგან, მხოლოდ როგორც დაგარიგებ ისე მოიქეციო. ბრძანება გაეცი, მეცხვარეებმა და მეძროხეებმა სამ დღეს ბატკნები და ხბორები თავიანთ დედებს დაუმალონ, თქვენც ქალს გარეთ ნუ გამოუშვებთ ამ ხნის განმავლობაში. დანარჩენი მე ვიციო… მღვდელს აუსრულებია ბებრის ნათქვამი. მესამე დღეს ბებერ ქალს გამოუხვევია ლავაშები და ხორცი და წასულა ვაჟთან, რომელიც მთის ფერდობზე მუშაობდა. ფერდობიდან კარგად მოჩანდა მღვდლის სახლიცა და ეზოც. ვაჟი თან არხს თხრიდა, თან თავისი მიჯნურისკენ იყურებოდა. ქალიც თავისი ეზოდან შესცქეროდა ვაჟს. ორივენი ხედავდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთი ქურმუხის იქითა ნაპირზე იყო, მეორე - აქეთ.
- სიცოცხლეს შემოგწირავ, მტლად დაგედები, ოღონდ შენ გიყვარდე, ჩემო მშვენიერო!..
- მეც, მეც შემოგევლები თავს, ჩემო სიხარულო!…
- კიდევ რამდენიმე დღე, რამდენიმე საათი და..!
- წუთი საუკუნეს უდრის…
უსიტყვოდ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ქალ-ვაჟი. მაგრამ აი ვაჟმა დაინახა რომ ქალი სადღაც გაქრა. სამი დღეა თვალი არსად მოუკრავს. ვაჟი მაინც განაგრძობს მუშაობას თავგამოდებით. ამ დროს მასთან მივიდა მოხუცი დედაკაცი და მისცა ლავაშში გახვეული ხორცი. შეთანხმებისამებრ, მღვდელსაც ამ დროს გაუშვია სამი დღის დამწყვდეული ხბოები და ბატკნები, ატეხილა ერთი ბღავილი, ხალხიც შექუჩებულა მოძღვრის ეზოში. შემცბარმა ვაჟმა დედალკაცს კითხა: "რა ამბავია მღვდლის ეზოშიო?", ბებერმა უპასუხა: "შე ბედშავო და თვალდამდგარო, განა არ იცი, რა საცოდაობაც მოხდა? შენი ახალგაზრდა კოკორი, შენი დანიშნული შენდამი სიყვარულმა ავად გახადა და დღეს გარდაიცვალაო. მისი საცოდაობით ცხვრები და ბატკნებიც კი ტირიანო. ხალხიც ამის გამო ირევა მოძღვრის ეზოში: ყველანი სამძიმარზე არიან მოსულიო". ვაჟს თავზარი დაეცა: როგორ თუ ჩემი დანიშნული გარდაიცვალაო… - ატირებულა უნუგეშოდ, მერე აუსროლია წერაქვი, შეუშვერია თავი და იქვე უსულოდ დაცემულა თავგაჩეხილი. იგი მის მიერ გათხრილი არხის პირას დაუმარხავთ, მთის ფერდობზე. ეს რომ გაუგია ქალს, დასნეულებულა და ისიც მომკვდარა, მისი საფლავიც იქვე ვაჟის საფლავის გვერდით გაუჭრიათ, მაგრამ ბებრისთვისაც დაუტოვებიათ ადგილი მათ შორის. მომკვდარა თუ არა ბებერი, ისიც ორ დანიშნულს შორის ჩაუფლავთ მიწაში. ვაჟის საფლავზე თეთრი ვარდი ამოსულა, ქალისაზე - წითელი. ბებრისაზე კი ძეძვი. ბარდები იზრდებიან და როცა ერთმანეთისკენ იწყებენ სწრაფვას, ბებრის ეკალიც მაშინ ამოიზრდება, ჩადგება მათ შორის და არ ანებებსო შეერთებას, - ამბობს ლეგენდა. ძნელია იმის თქმა, მართლა ასე მოხდა თუ არა, ერთი რამ კი აშკარაა - დაუმთავრებელი არხი დღესაც მოჩანს მთის ფერდობზე ქურმუხის ეკლესიის მიმართულებით. ვინ იცის, რას გულისხმობს ჰერელი ხალხი იმ ბებრის ეკალში, რომელიც ორ მიჯნურს - მაჰმადიან ვაჟსა და ქრისტიან ქალს შორის ამოსულა....

No comments: