Sunday 30 December 2012

დედის რძე – სიცოცხლის ელექსირი



დედის რძე საუკეთესო საკვებია ჩვილისთვის. რაშია სიცოცხლის ამ ელექსირის საიდუმლო?
ყველა დედიკოს სურს, რომ მისი შვილი გაიზარდოს ჯანმრთელი, ჭკვიანი და ლამაზი. მეცნიერულად დადგენილია, რომ დედის რძის ყოველი წვეთი შეიცავს იმუნიტეტს და ინტელექტს. მისი ფორმულა ჭეშმარიტად უნიკალურია, სარგებლობა კი შეუფასებელი.
დედის რძე საუკეთესო საკვებია ბავშვისთვის და მარტო იმიტომ არა, რომ ყველაზე მეტად უხდება პატარას საჭმლისმომნელებელ სისტემას. ის ჩვილს იცავს ავადმყოფობისგან და ჯანმრთელობას ამყარებს.
ბუნებრივ კვებაზე მყოფი პატარები შედარებით იშვიათად ავადდებიან რაქიტით, ანემიით, დისბაქტერიოზით, ფილტვების ანთებით და სხვადასხვა რესპირატორული და ინფექციური დაავადებებით. ასევე ნაკლებად ალერგიულებიც არიან, კუჭისაშლა, ყურის ტკივილიც შედარებით ნაკლებად აწუხებთ, ხოლო დღენაკლულები უფრო ადვილად იმატებენ წონაში.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძუძუთი კვება სამომავლოდ იცავს ბავშვს სიმსუქნისგან, ალერგიისა და ბრონქიალური ასთმისგან.
დედის რძე შეიცავს ასობით სხვადასხვა კომპონენტს. და მისი შემადგენლობაც მუდმივად იცვლება. “ხსენი“ მდიდარია ცილებითა და მინერალური ნივთიერებებით. მომწიფებული რძე კი შედარებით ნაკლებ ცილებს შეიცავს, სამაგიეროდ მეტია ცხიმები, ნახშირწყლები და სხვა ნივთიერებები. ამ ელექსირის ფორმულა განუმეორებელია, მას ვერაფერი შეცვლის!
საოცარია,რომ დედის რძის შემადგენლობის თითქმის 87% არის წყალი. ის ბიოლოგიურად აქტიური და ადვილად ასათვისებელია. ამიტომაც არაა საჭირო ახალშობილს დამატებით წყალი მივცეთ.
ნახშირწყლები დედის რძეში წარმოდგენილია ლაქტოზით,ანუ რძის შაქრით. მისი მეშვეობით პატარა ითვისებს რკინას და კალცს, ყალიბდება ცენტრალური ნერვული სისტემა. ლაქტოზა ხელს უწყობს ბიფიდუმ– და ლაქტობაქტერიების ზრდას.
ცხიმები, რომ იტყვიან,  „სამშენებლო მასალაა“, რომელიც ხელს უწყობს ყველა უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბებას. იმისათვის, რომ ჩვილის მოუმწიფებელმა ორგანიზმმა ადვილად აითვისოს ცხიმები, დედის რძე გამოიმუშავებს სპეციალურ ფერმენტს –ლიპაზას. ცხიმების ყველაზე მეტი კონცენტრაცია ხდება იმ რძეში, რომელსაც ბავში წოვს კვების ბოლოს. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი დროზე ადრე არ დავამთავრებინოთ ძუძუთი კვება ჩვილს.
უცნაურია, მაგრამ დედის რძეში ცილები მხოლოდ1%–ია. და რაც უფრო მომწიფებულია დედის რძე, მით ნაკლები ცილაა მასში. მეტი რომ იყოს ცილები, მაშინ პატარას თირკმლებს გაუჭირდებოდა მისი ათვისება და საჭმლის მონელებაც დაერღვეოდა.
მიუხედავად მცირე რაოდენობისა, ბავშვის ორგანიზმი მშვენივრად ითვისებს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. ასე, მაგალითად, თითქმის 70% რკინას შეიწოვს. ამიტომ, ბუნებრივ კვებაზე მყოფი პატარები ნაკლებად ავადდებიან ანემიით.
რკინის გარდა დედის რძეში საკმაო რაოდენობითაა კალცი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთიამ ფოსფორი, მაგნიუმი. ასევე, დედის რძის შემადგენლობაში არის ისეთი უნიკალური კომპონენტები, როგორიცაა ჰორმონები და ნივთიერებები, რაც ეხმარება ინფექციების დამარცხებაში და ატარებს უნიკალურ ინფორმაციას დედის გამოცდილების შესახებ.
P.S. რისგან შედგება დედის რძე?
წყალი – 87% – უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას, თბორეგულაციას;
ნახშირწყლები – 7% –  ორგანიზმს აწვდის ენერგიას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ათვისებას;
ცხიმები – 4% – ორგანიზმს ენერგიით ავსებს, ხელსუწყობს  ქსოვილების ასევე, თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისიტემის ჩამოყალიბებას;
ცილები – 1% – ამყარებს იმუნიტეტს , ხელსუწყობს რძის ათვისებას, ბავშის ზრდას და განვითარებას.
ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა – 1% –ზე ნაკლები კვებავს ორგანიზმს, ებრძვის ინფექციებს.

No comments: